უკრაინას მივეცით თითქმის 1 მილიარდი ევრო. ეს შეიძლება ძალიან ბევრი ჩანდეს, მაგრამ 1 მილიარდ ევროს ვუხდით პუტინს ყოველდღიურად ენერგიისთვის, რომელსაც გვაძლევს. ომის დაწყებიდან მას მივეცით 35 მილიარდი ევრო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა ომის დაწყების შემდეგ, 35 მილიარდი ევრო გადაიხადა რუსეთის ენერგეტიკაში, რაც 35-ჯერ უფრო დიდი თანხაა უცხოეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან შედარებით.
„ეს არის ის, რასაც უკრაინელები ჩვენგან მოელიან და ჩვენ ამას ვაკეთებთ; ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ... ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით დაეხმარეთ მათ, რომ ებრძოლონ დამპყრობელ ძალებს“, - აღნიშნა ბორელმა.
7 აპრილს ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესების მოთხოვნას მხარი დაუჭირა.
5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა